ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა, იურიკ უნანიანმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ავეტიკ ტონაკანიანმა დღეს, ადგილობრივი მედიით რეგიონის მოსახლეობას მიმართა.

ახალქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მიმართა და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების ერთობლივი ძალისხმევით გადალახვისკენ მოუწოდა.

“ვთხოვ მოსახლეობას დაიცვან, ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ რეკომენდებული ჰიგიენის წესები. საჭიროა ხელების ხშირი დაბანა. ეს ყველასთვის ხელმისაწვდომია. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, სახელმწიფო მექანიზმები უკვე მოქმედებს იმ პირთა მიმართ, რომლებიც რეკომენდაციებს არ ასრულებენ. ამის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ გადმოგვედოს და არც სხვებს გადავდოთ დაავადება. ყველას გთხოვთ, ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ და შეძლებისდაგვარად სახლიდან არ გამოხვიდეთ”, – თქვა იურიკ უნანიანმა.

მან მოსახლეობას ასევე, მოუწოდა თავი შეიკავონ მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობისგან, სადაც თავს მოიყრის ბევრი ადამიანი და მოქალაქე, მათ შორის, სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულები.

“ჩვენს მაღაზიებში ყველაფერი გვაქვს, არ არის პროდუქტის დეფიციტი. ყოველგვარი პანიკის გარეშე, თქვენ შეგიძლიათ ყოველ დღე მიხვიდეთ მაღაზიაში. გთხოვთ, შეამციროთ ერთმანეთთან ურთიერთობა, ვიდრე არ იქნება გამორიცხული ვირუსის შინაგანი გავრცელების საფრთხე. ეს არის მუნიციპალიტეტის, ჩვენი ხელმძღვანელობის და პირადად ჩემი თხოვნა”, – განაცხადა იურიკ უნანიანმა.

ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა მოსახლეობას, სახელმწიფოს პრევენციული ზომების შესახებ უახლესი ინფორმაცია გააცნო. მისი თქმით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 343, ხოლო კარანტინში 27 ადამიანი იმყოფება.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 14-დღიან კარანტინს ძირითადად ახალციხესა და წყალტუბოში ატარებენ.

ავეტიკ ტონაკანიანმა მოსახლეობას სიმშვიდისა და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა.

“ახალქალაქი ისეთი რაიონია, სადაც ყველას ერთმანეთთან ურთიერთობა აქვს და, როდესაც ვიღაც დაავადდება, ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის 80% დაავადებული იქნება. დაიმახსოვრეთ ეს და ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინეთ. სასურსათო მაღაზიების გამყიდველებმა უნდა იმუშაონ პირბადისა და ხელთათმანების გამოყენებით. მომხმარებლისთვის პროდუქტის მიწოდება და თანხის მიღება სხვადასხვა პირმა უნდა განახორციელონ. ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია”, – განაცხადა ავეტიკ ტონაკანიანმა.

მან ასევე, მოუწოდა მოსახლეობას, რთულ ვითარებაში დაეხმარონ ერთმანეთს, განსაკუთრებით მათ, ვინც მარტო ცხოვრობს და საჭიროებს დახმარებას.