საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო, მათ შორის, საუბარია ყველა სავაჭრო ობიექტის დროებით დახურვაზე.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაიხურება ყველა საცალო ვაჭრობის ობიექტი, გარდა გატანის სერვისებზე მომუშავე კვების ობიექტებისა, სურსათის ობიექტებისა, ასევე საკოლმეურნეო ღია ბაზრობების, აფთიაქების, ბენზინგასამართი სადგურების და საბანკო სერვისების მიმწოდებელი ობიექტებისა.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ეკონომიკურ გუნდს დაავალა, უმოკლეს ვადაში წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები, რომელიც განხორციელდება დამატებით, გარდა იმ ეკონომიკური სტიმულირების პაკეტისა, რომელიც ცოტა ხნის წინ ამოქმედდა. აღინიშნა, რომ ახალი გეგმები, ეკონომიკის მხარდაჭერის დამატებითი პაკეტის შემუშავება ბიზნესს და საქართველოს მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, რომ კორონავირუსის გამოწვევას ეფექტიანად გაუმკლავდნენ.

19 მარტიდან პირველ აპრილამდე დაიხურა ზოგი მაღაზია, რომელიც საქართველოში მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს წარმადგენენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საცალო ბიზნესის ასოციაცია ავრცელებს.

ბიზნესის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს შეუერთდნენ ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების ღონისძიებებს და ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამენ, რათა შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ერთობლივად, მინიმალური დანაკარგებით მონახონ.

”საქართველოს მთავრობის სავალდებულო რეკომენდაციების შესაბამისად, – თავი ავარიდოთ დახურულ სივრცეებსა და ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას, ჩვენ ვიჩენთ დიდ სამოქალაქო პასუხისმგებლობას. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ სავაჭრო ცენტრები და იქ მდებარე ჩვენი ობიექტები ინფექციის პოტენციურ წყაროს წარმოადგენენ, გადაწყვეტილება ფორსმაჟორის საფუძველზე მივიღეთ. 2020 წლის 19 მარტიდან 1 აპრილამდე, დროებით დავხურეთ ჩვენი სავაჭრო ობიექტები”, – ნათქვამია განცხადებაში.

დაიხურა შემდეგი მსოფლიო ბრენდები: Waikiki, Terra Nova, Penti, Maltese, Colezzione, Bata, Ecco, Geox, Corso Italy, Okaidi Obaibi, Jacadi, Parfois, Av Lab, Lewis, Lee, Lacoste, Guess, Mavi, Factor, Atrio, Zara, Bershka, Pull and Bear, Massimo Dutti, Cotton, North Face, Timberland, Diesel, Magellan, Mini, Art Time, Va Bene, Trussardi, Bueno Shoes, Kelvin Kline, Boggi Milano და სხვები.

ასოციაციის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კორონავირუსული ეპიდემია უარყოფითად მოქმედებს მსოფლიო გაყიდვებზე.

სავაჭრო ობიექტების დახურვის გარდა, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით, საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენამდე, მშობლებს შეეძლებათ, სახლში წაიღონ ის არამალფუჭებადი პროდუქტები, რომლებიც მიმდინარე არდადეგების პერიოდში ბავშვთა კვებისთვის ბაღებში უნდა გამოეყენებინათ.

უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრეს ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. აღინიშნა, რომ შედარებით მძიმეა ორი ასაკოვანი პაციენტი, რომლებსაც კორონავირუსთან ერთად, თანმხლები ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ.

ამასთან, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეიქმნება ე.წ გადაუდებელი მიღების ცენტრი, სადაც პაციენტების საგანგებო მიღება მოხდება. პაციენტებმა, რომლებიც ექიმთან ვიზიტის საჭიროებას ხედავენ, რესპუბლიკურ საავადმყოფოს უნდა მიმართონ, საიდანაც, შესაბამისი კვლევის შემდეგ, მათ საჭიროებისამებრ გადაამისამართებენ თვითიზოლაციაში, საკარანტინო ზონაში, ინფექციურ საავადმყოფოში თუ ოჯახის ექიმთან.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით, რეგულარულად იკრიბება.