ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში, ასევე მუნიციპალიტეტის იმ დაწესებულებებში, სადაც ბავშვებთან უწევთ მუშაობა, არდადეგები პირველ აპრილამდე გაგრძელდება. დაწესებულებები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას, არდადეგები მხოლოდ ბავშვებისთვის არის.

გუშინ, 11 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ​კორონავირუსის უწყებათაშორისი საკოორდინაციო მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც საბჭოს წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური ზომების გამო, საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გაგრძელდეს.

პირველ აპრილამდე დაისვენებენ ბაგა-ბაღებიც.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის ვალერი სტელმაშოვის თქმით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, ასევე, იმ დაწესებულებებში, სადაც მუშაობა უწევთ ბავშვებთან, არდადეგები პირველ აპრილამდე გაგრძელდება. თუმცა, სხვა დაწესებულებები მუშაობენ.

საქართველოში დღესდღეობით კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელებულია სახელმწიფოს მიერ შექმნილ ოფიციალურ გვერდზე: stopcov.ge.

როგორც აღნიშნული გვერდი იუწყება, ამ დროისთვის საქართველოში კარანტინის რეჟიმში, 295 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობა 49 პაციენტზე ხორციელდება.