კორონავირუსის პრევენციის მიზნით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სკოლაში დეზინფექცია საკუთარი სახსრებით ჩატარდა. ხვალინდელი დღიდან სკოლებში დეზინფექცია განათლების სამინისტროს მიერ შერჩეული სპეციალიზირებული კომპანიების დახმარებით, სპეციალური ხსნარებით მოხდება, რის ხარჯებსაც სკოლები გადაიხდიან.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის დირექტორის თერეზა ჩივჩიანის თქმით, მუნიციპალიტეტის სკოლებში სადეზინფექციო ღონისძიებები ხვალინდელი დღიდან დაიწყება. ამჟამად სკოლებში არდადეგებია და 16 მარტამდე სამუშაოები უნდა დასრულდეს.

«დეზინფექციას განახორციელებენ ლიცენზირებული კომპანიები, წამლები შერჩეულია სამინისტროს მიერ. არის რამდენიმე კომპანია სხვადასხვა ქალაქიდან. შეირჩა ის კომპანიები, რომლებიც ხელსაყრელ ფასებში მუშაობენ»,- თქვა თერეზა ჩივჩიანმა.

სკოლების დირექტორები თვითონ უნდა შეუთანხმდნენ კომპანიებს და ხელი მოაწერონ ხელშეკრულებას.

ქალაქის სკოლებში დეზინფექცია ძირითადად საკუთარი ძალებით, ქლორის მომცველი ხსნარებით ჩატარდა.

«ჩვენ დეზინფექციას ვიწყებთ დღეს, ჯერ პირველი ეტაპია, შემდეგ მეორე. დეზინფექციას ვაკეთებთ «დომესტოსით» და გამათეტრებელით. სპეციალური წამლები არ ვიცი საიდან უნდა ვნახოთ. სკოლაში დეზინფექცია ერთხელ უკვე ჩავატარეთ»,- თქვა №1 სკოლის დირექტორმა, რუზანნა ტეპოიანმა.

№2 სკოლამ დახმარებისთვის მერიას მიმართა და დეზინფექცია სპეციალური ხსნარებით განახორციელა.

«ამჟამად ვატარებთ დეზინფექციას. ჩვენ დეზინფექცია «დომესტოსით» ჩავატარეთ. ახლა სპეციალური ხსნარებით ვატარებთ, ჩვენ მუნიციპალიტეტის მერია დაგვეხმარა. მათ დახმარებისთვის მივმართეთ და უარი არ უთქვამთ»,- თქვა №2 სკოლის დირექტორმა კარინე ნახატაკიანმა.

«ერთხელ უკვე «დომესტოსით» ჩავატარეთ, ხოლო ახლა პარასკევს ვაპირებთ სპეციალური ხსნარებით ჩავატაროთ, მაგრამ არ ვიცით თუ უფრო ხელსაყრელ ფასებში სად შევიძინოთ ხსნარი. რესურს ცენტრმა მოგვცა ნომრები, მაგრამ ფასი, რომელიც მათ დაასახელეს ძვირია, ჩვენ არ გვაწყობს, გვინდა უფრო ხელსაყრელი პირობები»,- ამბობს №3 სკოლის დირექტორი, თამარ ოძელაშვილი.

«ჩვენ რესურს ცენტრს ვთხოვეთ ენახათ კომპანია თბილისიდან, დაგვპირდნენ, რომ დღეს გვიპასუხებენ, ველოდებით. საკუთარი ძალებით ერთხელ უკვე ჩავატარეთ დეზონფექცია»,- თქვა №4 სკოლის დირექტორმა ნათელა გრიგორიანმა.

№5 სკოლის დირექტორმა მიმართა კომპანიებს, თუმცა რა ფასიც დაასახელეს, მათ არ აწყობდათ.
«ჩვენ წინა პარასკევს დეზინფექცია საკუთარი ხსნარებით ჩავატარეთ (დომესტოსი, ქლორი)»,- თქვა №5 სკოლის დირექტორმა ემმა ნახატაკიანმა.

შეუთანხმდებიან თუ არა სკოლები სამინისტროს მიერ შერჩეულ კომპანიებს, დავაზუსტებთ კვირის ბოლოს.