პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული ოლქების სავარაუდო განაწილების შესახებ საუბრობს.

კობახიძის ინფორმაციით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან 12 დასავლეთ საქართველოში იქნება, ხოლო 18 აღმოსავლეთ საქართველოში.

მისივე განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარული ოლქები შემდეგნაირად გადანაწილდება: აჭარა – 3, გურია – 1, სამეგრელო – 3, რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთი – 1, იმერეთი – 4 , თბილისი – 7, შიდა ქართლი -2, კახეთი – 3, ქვემო ქართლი – 3, სამცხე- ჯავახეთი – 2, მცხეთა-მთიანეთი – 1.

„მონახაზი გვაქვს შემუშავებული, დიდი მანევრირების საშუალება არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ სულ 30 ოლქი უნდა ჩამოყალიბდეს, უნდა განისაზღვროს შესაბამისი საზღვრები. ქალაქებზე – თბილისზე და სამ დიდ ქალაქზე გადანაწილდება დაახლოებით 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი და დანარჩენ შემთხვევაში იქნება მთლიანობაში 20 საარჩევნო ოლქი.

გამომდინარე იქიდან, რომ უნდა გავითვალისწინოთ რეგიონების სპეციფიკა, საზღვრები და სხვა შესაბამისი ფაქტორები, დიდი ლავირების საშუალება არ არის. აქედან გამომდინარე საკითხი არის არსებითად ტექნიკური. საკმაოდ მსხვილი ოლქები ყალიბდება ახალი გადანაწილების საფუძველზე, რიგ შემთხვევაში იქნება 4-5 მუნიციპალიტეტი ერთ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რაც ცვლის პრინციპში მაჟორიტარული არჩევნების სპეციფიკას გარკვეულწულად, თუმცა, ეს არის ახალი რეალობა, რომლის მიხედვითაც უნდა ჩამოვაყალიბოთ ახალი საზღვრები.

თბილისში ვფიქრობთ, რომ 7 საარჩევნო ოლქი უნდა ჩამოყალიბდეს, რაც შეეხება სხვა ქალაქებს, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, იქნება თითო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. რუსთავის შემთხვევაში შეიძლება გახდეს საჭირო მთელი რიგი მიმდებარე სოფლების დამატება. ფოთის შემთხვევაში სასჭირო გახდება დამატებით 2 მუნიციპალიტეტის შეყვანა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ყველა შემთხვევაში იქნება ერთი დამოუკიდებელი მაჟორიტარული ოლქი და ა.შ.”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.