ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა სპორტული ინვენტარის შესაძენად 32 200 ლარი გამოყო. ახალ აღჭურვილობასთნ ერთად სოფლებს 2018 წელს ნაყიდი სპორტული ინვენტარიც დაურიგდებათ.

წელს სპორტული ინვენტარი გადაეცემა სოფელ კარტიკამს, აბულს, ტურცხს, იხტილას, დიდ სამსარს, პატარა სამსარს, მერენიას, დადეშს, ბარალეთს, ბავრას და ქალაქ ახალქალაქს.

სოფლებს სხვადასხვა სახის ინვენტარი გადაეცემა, მათ შორის: კომპლექსური ტრენაჟორები, ტენისის მაგიდა, ფეხბურთის ბურთები, კრივის ხელთათმანები, განტელები, კრივის ტომარა და სხვა.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის, ვალერი სტელმაშოვის მტკიცებით, ინვენტარი სოფლებს შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით გადაეცემათ:

«მაგალითად, კარტიკამში განვითარებულია კრივი, მათ გადაეცემათ კრივირს ინვენტარი. სხვა სოფელბში კრივის სხვა სახეობაა განვითარებული. ყველას გადაეცემა შესაბამისი ინვენტარი»,- თქვა მან.

ამ სოფლებს სპორტული ინვენტარი ჯერ კიდევ 2018 წელს უნდა მიეღოთ, თუმცაღა ინვენტარის ზოგიერთი კომპლექტი არ იყო სრული, ამიტომც გადაცემა არ მოხდა.

ვალერი სტელმაშოვის თქმით, ორი წლის წინ შეძენილი სპორტული ინვენტარი მერიის შენობაშია მოთვსებული. ძველი ინვენტარი ახალთან ერთად წელს დარიგდება.

«რომელი სპორტული კომპლექტიც იყო მთლიანი, ის დავარიგეთ, თუმცა დარჩა ინვენტარი, რომელშიც კომპექტი არ არის სრულყოფილი. მაგალითად, კრივის ხელთათმანები არის, მაგრამ კრივის ტომარა არა»,- ამბობს ვალერი სტელმაშოვი.

ვალერი სტელმაშოვის მტკიცებით, სულ მალე სპორტული ინვენტარის შეძენის ტენდერი გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ 11 სოფლისათვის სპორტული ინვენტარის შეძენის ტენდერი ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 2018 წლის ოქტომბერში გამოაცხადა. სპორტული ინვენტარის შეძენის ტენდერი, 19 579 ლარით, კომპანია «ბოკარტმა» მოიგო.

მიუხედავად ამისა, სოფლების უმეტესობას ჯერ კიდევ არ მიუღია ინვენტარი. კომპანიამ, რომელმაც ტენდერი მოიგო, არ შეასრულა მოვალეობა და ინვენტარის მხოლოდ გარკვეული ნაწილი შეიძინა.

მაშინ კომპანია «ბოკარტის» დირექტორმა, შოთა ტაბატაძემ თქვა, რომ კომპანია გაკოტრდა და სამუშაო ამიტომაც ვერ შეასრულეს სრულყოფილად.