ახალქალაქის ბიუჯეტში მორიგი ცვლილებების პროექტი, რომელიც 866 867 ლარს შეადგენს, დამტკიცდა. 

დღეს, 27 თებერვალს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პლენარული სხდომა გაიმართა, სადაც, დღის წესრიგით, სამი საკითხი განიხილებოდა, მათ შორის იყო 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა.

ცვლილებების პროექტი დეპუტატებს საბიუჯეტო საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა, მკრტიჩ მღდესიანმა გააცნო.

123 537 ლარი – შარშანდელიდან დარჩენილი თანხაა, რომელი პროექტებიც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ განხორციელდა.

44 433 ლარი გამოყოფილია დასვენების ზონა “ამირანის გორას” საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად. 8 484 ლარი – სოფელ კარწახში წყალმომარაგების ახალი სისტემის საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად, 51 170 ლარი – აღმაშენებლის ქუჩის მეორე გზაჯვარედინზე, მრავალსართულიანი შენობების შიდა ეზოების მოასფალტების პროექტისთვის.

40 000 ლარი ალათუმანი-ბეჟანოს გზის მოასფალტების პროექტის შესადგენად.

25 450 ლარი სოფლების კუმურდოსა და გოგაშენის საბავშვო ბაღების პროექტის დოკუმენტაციის შესადგენად.

25 000 ლარი ქუჩის ძაღლების სტერილიზაციისა და თავშესაფარში გადასაყვანად.

ცვლილებების დახმარებით სოფელ კუმურდოს საშუალება მიეცა 3 000 ლარით შეიძინოს ბუნებრივ აირზე მომუშავე წყლის გამათბობელი, დანების ნაკრები და გაზის გამათბობელი. სოფლებში კიროვაკანსა და დადეშში წყალსაცავის ასაშენებლად 4955 ლარი და დამატებით 4130 ლარი გამოიყო. ასევე, სოფელ გომაში, წყალგაყვანილობის მილის სკოლამდე მისაყვანად გამოყოფილია 4440 ლარი.

მუნიციპალიტეტმა გამოყო 3000 ლარი მუნიციპალიტეტის კუთვნილ შენობებში ელექტრომრიცხველების დასამონტაჟებლად.

სოფელი ვაჩიანის მედ-პუნქტში გათბობის სისტემის გაყვანილობისთვის – 7672 ლარი, სოფლებში არხების დასუფთავებისთვის 40 000 ლარი განისაზღვრა.

850 ლარი გამოუყვეს მერიის სამხედრო სამსახურს, 32 200 ლარი სოფლებში სპორტული ინვენტარის შეძსაძენად.

558 083 ლარი სოფლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის დაიხარჯება, ეს არის ძირითადად წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, ასევე საგზაო ნიშნების დამონტაჟება, სოფელ ბეჟანოს რიტუალების სახლისთვის სკამების შეძენა.

მერია ასევე, 60 000 ლარად ორ ავტომობილს შეიძენს.