ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოკიდებულებებიდან გამომდინარე, საქართველოს სავაჭრო პარტნიორების შესახებ, საქონლის მიმოქცევისა და სხვადასხვა რიცხვების თაობაზე, Jnews.ge ფონდ “რონდელის” ექსპერტ-პოლიტოლოგს, ვალერი ჩეჩელაშვილს გაესაუბრა.

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი. რით აიხსნება ეს?

– ეს ობიექტურ კანონზომიერებაზეა დამოკიდებული, ვინაიდან ქვეყანა ვერ ირჩევს მეზობლებს, ის ვერც პარტნიორებს ირჩევს. თუ ვისაუბრებთ განვითარების ტენდენციებზე, მაგალითად სავაჭრო ურთიერთობებზე, ევროკავშირთან ასოციაციის შესახებ შეთანხმების მიღების შემდეგ, საქონლის მიმოქცევასა და იმპორტის კუთხით, ჩვენი ძირითადი პარტნიორი ევროკავშირი გახლავთ. თუ ვისაუბრებთ ექსპორტზე, ამ მხრივ ჩვენ კიდევ ბევრის გაკეთება შეგვიძლია. თურქეთი ჩვენი პირველი სავაჭრო პარტნიორია. 2008 წლის შემდეგ რუსეთმა ეკონომიკური ემბარგო დააწესა, რაც მინდა გითხრათ, ძალიან უსაფუძვლო იყო. ახლა ეს კავშირები აღდგა და რუსეთი მეორე ადგილზეა. აზერბაიჯანი და ჩინეთი 3-4 ადგილებს იყოფენ. შემდეგ მოსდევენ უკრაინა, სომხეთი, აშშ და ა.შ.

თურქეთი- ეს არის დიდი ბაზარი ისეთივე, როგორც რუსეთი, მაგრამ საქართველოს რუსეთთან ძალიან რთული ურთიერთობები აქვს. ჩვენ პრაქტიკულად ცივი ომის პირობებში ვიმყოფებით. რუსეთის მიერ, ჩვენი ტერიტორიების 20%-ა ოკუპირებული და ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები.

რაც შეეხება აზერბაიჯანს და თურქეთს: როდესაც რუსეთმა ტრანზიტული შესაძლებლობები გადაგვიკეტა, თურქეთმა პირიქით, ჩვენი დამოუკიდებლობის დასაწყისიდანვე, ახალი შესაძლებლობები გამოაჩინა. მოგვცა უპროცენტო შეღავათიანი კრედიტი, გახსნა საკუთარი საზღვრები. ეს საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ხალხმა მოახერხა იქ მუშაობა, ოჯახის რჩენა და ა.შ. ამას გარდა, თურქეთი მუდამ იყო სერიოზული ინვესტორი, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში ასობით მილიონ დოლარს აბანდებდა. რაც შეეხება ურთიერთობებს აზერბაიჯანთან, მათთან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი გვაკავშირებს. ამას გარდა, აზერბაიჯანი საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გარანტია, რომელიც ბუნებრივი აირით გვაკმაყოფილებს. დეფიციტის შემთხვევაში კი ელექტროენერგიას გვაწვდის, სხვათაშორის ისევე, როგორც სომხეთი. ნავთობპროდუქტებისა და ნავთობის უმეტესი ნაწილი მას გააქვს ბაზარზე. ამას გარდა, აზერბაიჯანი საქართველოს ეკონომიკის სერიოზული ინვესტორია, საქართველოს ტერიტორიაზე ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტში 700მლნ დოლარი იყო ჩადებული, რომლის დიდი ნაწილი ახალქალაქზე გადის.

რამდენად არის შესაძლებელი ეკონომიკური დამოკიდებულების გადასვლა პოლიტიკურში?

თურქეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება არ არსებობს, ისევე როგორც არ არის დამოკიდებულება რუსეთზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩვენი პირველი და მეორე პარტნიორები არიან. რატომ? მაგალითად, ჩვენ რუსეთთან და თურქეთთან დიდი იმპორტი და ექსპორტი გვაკავშირებს, მაგრამ კრიტიკული დამოკიდებულება თუნდაც იმპორტულ პოზიციებში, ჩვენ მაინც არ გვაქვს. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვისაუბროთ რუსეთის კრიტიკულ დამოკიდებულებაზე, რადგან იქიდან შემოგვაქვს ხორბალი, რაც ჩვენთვის სტრატეგიული საქონელია. ჩვენ იქიდან ძირითადი ნაწილი შემოგვაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არ გვაქვს კრიტიკული დამოკიდებულება, რადგან მხოლოდ ხორბალი და ზეთი შემოგვაქვს. რუსეთისა და თურქეთის მხრიდან მიღებული იმპორტული პოზიციების ნაკრები საერთაშორისო ბაზარზე თავისუფლად ინაცვლება. მაგალითად, თუ რუსეთი ხორბლის ექსპორტზე უარს გვეტყვის, ჩვენ ამას ადვილად უკრაინიდან ავანაზღაურებთ.

ჩვენ აზერბაიჯანთან ორმხრივი დამოკიდებულება გვაქვს. მსოფლიოში სრულიად დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არსებობს. ყველა სახელმწიფო ერთი მეორეზეა დამოკიდებული, აშშ-ც კი, რომელსაც მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკა აქვს
და მსოფლიოს მშპ-ს 25%-ს აწარმოებს. ისინი საგარეო ბაზრებზე არიან დამოკიდებული, რაღა ვთქვათ პატარა ქვეყნრბზე. მართლია, ჩვენ დამოკიდებულნი ვართ აზერბაიჯანზე, მაგრამ ბუნებრივი აირის იმპორტირების შესაძლებლობა რუსეთთანაც გვაქვს. აზერბაიჯანის ფასებთან შედარებით უბრალოდ არაკონკურენტულია. ამასთანავე, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შედეგად ჩვენ არაერთხელ ვიზარალეთ. რუსეთი ძალიან მომგებიანი ბაზარია, მაგრამ ის არასტაბილურია და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ექვემდებარება. რუსეთთან ურთიერთობის გარანტია არავის არ აქვს. ეს რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არა მარტო ჩვენთან ურთიერთობებში დამტკიცდა, არამედ მის პარტნიორ უკრაინასა და ბელორუსთანაც გამჟღავნდა. მათ ბუნებრივ აირზე და ნავთობზე მუდმივი შეკამათება აქვთ.

თუ ურთიერთობის მოდელს საქართველო-აზერბაიჯანულზე გადავიტანთ, განსხვავება მაშინვე შეიგრძნობა. რუსეთს, ბელორუსიის გარდა, საქონლის ექსპორტთან დაკავშირებით ბევრი სხვა შესაძლებლობა აქვს, როგორც უკრაინიდან, ასევე შემოვლით.

აზერბაიჯანი და საქართველო ასევე ინფრასტრუქტურულ-ენერგეტიკული პროექტებით არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. ეს არის ორმხრივი დამოკიდებულება, რომელიც ურთიერთობების სტაბილურ საფუძველს ქმნის. SOCAR-ი ძალიან კარგად მუშაობს საქართველოში და არის ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი. გაზიფიცირებულია სოფლები, რომლებშიც საბჭოთა კავშირის პერიოდშც კი არ იყო გაზი. და SOCAR-ი ამას იმიტომ აკეთებს, რადგან თავისთვის სავაჭრო საექსპორტო ბაზას ქმნის. გაყავს ბუნებრივი აირი და საქართველოსთან შეთანხმებით, საკუთარ გაზს აწვდის. ფაქტიურად საქართველო ბუნებრივ აირს არ ყიდულობს, ხოლო SOCAR-ი ამ აირის იმპორტიორია. საბოლოოდ SOCAR-ი, ერთის მხრივ ინვესტორია, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს ბუნებრივი აირით ამარაგებს და ამასთანავე, იხდის გადასახადს საქართველოს ბიუჯეტში. ამიტომც ეს სქემა შეშფოთების წინაპირობას არ ქმნის.

იძლევა თუ არა ევროკავშირთან ურთიერთობა იმის მოლოდინს, რომ მომავალში ევროკავშირი «შეავიწროვებს» ცალკეულ ქვეყნებს და საქართველოს მთავარი ეკონომიკური პარტნიორი გახდება?

– თავისთავად, მას შემდეგ რაც DCFTA-ს (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება) მოვაწერეთ ხელი, ვაჭრობის უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდა. ამიტომც ევროკავშირი პირველი სავაჭრო პარტნიორი გახდა. რიგ სფეროებში მნიშვნელოვანი მიღწევები შეინიშნება. ბოლო პერიოდში, ჩვენი მოქალაქეების ფულადი გადარიცხვების მნიშვნელოვან სტატისტიკას ვაკვირდებოდი. ეს იყო სტატისტიკა იმ მოქალაქეების გზავნილების შესახებ, რომლებიც საზღვარგარეთ მუშაობენ. რამდენიმე წლის წინ საქართველოში გადარიცხვების უმეტესი ნაწილი რუსეთიდან იყო, ხოლო ახლა რა შედეგი გვაქვს. ახლა მცირდება რუსეთიდან გადარიცხვები და მუდმივად იზრდება ეს გადარიცხვები ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნიდან. მაგალითად, ციფრების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარში, საზღვარგარეთიდან გადმორიცხულია 126მლნ, რუსეთი პირველობს 26 მილიონით 5%-იანი კლებით, 20მლნ იტალიიდან და 16მლნ საბერძნეთიდან. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის ორი ქვეყნიდან 10მლნ დოლარით უფრო მეტია გადმორიცხული ვიდრე რუსეთიდან. რით აიხსნება ეს- რუსეთში კრიზისია, რუბლი არასტაბილურია, ადამიანებს დოლარის გადარიცხვა და კონვერტირება არ შეუძლიათ. ამ მხრივ, მსგავსი გადარიცხვებით, საქართველოს მხარდაჭერის ლიდერი ექსპორტში, ევროკავშირი გახდა. იმპორტით და შიდა ვაჭრობით ევროკავშირი ჩვენი პირველი სავაჭრო პარტნიორია.

ამ სტრუქტურაში, ჩვებ დაახლოებით 100მლნ დოლარზე ნაკლები საქონლის ექსპორტს ვახორციელებთ ევროკავშირში. ეს ევროაზიულ თანამეგობრობასთან შედარებით მეტია, მაგრამ ტემპი გვეუბნება, რომ გვესაჭიროება ევროკავშირის დახმარების პროგრამის მთლიანად გამოყენება. მან არა მხოლოდ ბაზრები გაგვიხსნა, არამედ რამდენიმე საინტერესო ფინანსური მექანიზმი შექმნა. პირველ რიგში, ევროპული ბაზარი ძალიან მოთხოვნადია, მაღალი სტანდარტებია, უფრო მეტად ვიდრე ეს არის ევროაზიული თანამეგობრობის ქვეყნებში. ამიტომ ჩვენი პროდუქცია უფრო მეტად შეესაბამება სტანდარტებს, რომლებიც მოქმედებს აქ, და არა ევროპკავშირის ქვეყნებში. ამ მიმართულებით ჩვენ სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ. მართალია ახლა დიდი ბრიტანეთი გავიდა ევროკავშირიდან, მაგრამ მაინც, ევროპული ბაზარი 400-420მლნ ადამიანს მოიცავს- ეს უფრო მეტია ვიდრე ევროაზიული ბაზარი. თუ ამას ბრიტანეთის მოსახლეობას დავუმატებთ, მაშ იქნება დაახლოებით 500მლნ ადამიანი, ხოლო ევროაზიულ თანამეგობრობაში დაახლოებით 200 მილიონია. გასათვალისწინებელია, არა მხოლოდ ხალხის რაოდენობა, არამეტ მსყიდველობითი უნარი. პირობითად რომ ვთქვათ, თუ 500მლნ ადამიანი წელიწადში იყიდის 5 წყვილ ფეხსაცმელს, აქ 200მლნ ადამიანი ყიდულობს მხოლოდ ერთს, საბოლოოდ 500 და 200 არა მხოლოდ ორ-ნახევარჯერ, არამედ 15-ჯერ მეტია. ამიტომ აქ უფრო მეტი პერქპექტივაა, უფრო მეტი სტაბილურობაა და არ ელოდები არანაირ სიურპრიზს. ამიტომც, მე ვფიქრობ, საქართველოსთან ევროკავშირის სავაჭრო პოზიცია თანდათანობით გაიზრდება.