საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩის მხრიდან, სადაც საპროტესტო აქცია იმართება, ოპოზიციის წარმომადგენლებმა “სირცხვილის დერეფანი” მოაწყვეს. ოპოზიცია ირაკლი შოთაძის გენპროკურორის თანამდებობაზე დაბრუნებას აპროტესტებს.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები პარლამენტის შენობაში ხმაურის ფონზე შედიან. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ “სირცხვილის დერეფნის” მოწყობის მიზანია ის, რომ კანონმდებლები დღეს აპირებენ ირაკლი შოთაძის კანდიდატურის დამტკიცებას საქართველოს გენპროკურორის თანამდებობაზე. მათივე თქმით, ასეთი აქციები მომავალშიც გაგრძელდება.

“ეს “სირცხვილის დერეფანი” იმ დეპუტატებისთვის არის, რომლებიც დღეს აქ მოვლენ ივანიშვილის დავალებით, მწვანე ღილაკს დააჭერენ თითს და შოთაძეს აირჩევენ. ივანიშვილს სურს ხალხს აჩვენოს, რომ ის იქცევა ისე, როგორც მას სურს და არ აინტერესებს საზოგადოების განწყობა”, – აცხადებს კაპანაძე.

ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.