სოციალურ ქსელში პერიოდულად, უფრო ხშირად კი, სხვადასხვა მესენჯერში ვრცელდება ახალქალაქში, ან სოფლებში გადაღებული ვიდეოები, რომელიც ფოკუსირდება სხვადასხვა ადამიანურ ნაკლოვანებებზე, რაც გამოწვეულია ასაკით, ან სხვა ფაქტორით. ამ ვიდეოების ავტორები ვერ აცნობიერებენ, რომ ე.წ სასაცილო ვიდეოების გავრცელებით, ისინი კანონს არღვევენ და შეიძლება დაისაჯონ.

ვიდეორგოლი ქორწილიდან, სადაც ახალქალაქის მცხოვრები, მენტალური პრობლემების მქონე ახალგაზრდა სადღეგრძელოს ამბობს. ვიდეო ვირუსული სისწრაფით გავრცელდა. მას ბევრი სხვა მსგავსი ვიდეო მოჰყვა. ბევრი ახალქალაქელი ელოდებოდა კიდეც,  ახალი ვიდეო როდის დაიდებოდა, მეგობრებისთვის რომ გაეზიარებინათ. სომხეთშიც კი, ბევრი კომედიური გადაცემა სადღეგრძელოს კადრებს იყენებს, რათა გადაცემა უფრო სასაცილო გახდეს.

მსგავსი ვიდეორგოლები ვირუსის სახით ვრცელდება, ძირითადად სხვადასხვა მესენჯერში, სოციალურ ქსელში ნაკლებად. ახალქალაქის ახალგაზრდების უმეტესობას ასეთი ვიდეოს ტელეფონში ქონა საჭიროდ მიაჩნია, რასაც შემდგომ, სამეგობრო წრეში სასაცილო ატმოსფეროს შესაქმნელად ყველას უზიარებენ.

ბოლო პერიოდში, არხებზე გავრცელდა ბევრი მსგავსი ვიდეო, ერთ მათგანში სოფლის მცხოვრები ქალი, ცდილობს კარტოფილის მოსავლის გაყიდვას. ვიდეოს ავტორისთვის სასაცილო აღმოჩნდა ის, რომ ქალბატონი ცუდად ლაპარაკობს რუსულ ენაზე და ურევს სომხურს.

სხვა ვიდეოში ქალი, მის ასაკოვან ახლობელ ქალს დამამცირებელი ფორმით უყვირის და ითხოვს იბანაოს. ქალი კი, უხეშად ეწინააღმდეგება.

კიდევ ერთი ვიდეორგოლი გადაღებულია ახალქალაქის მერიაში. კადრში ჩანს მერის მისაღები ოთახი, სადაც მენტალური პრობლემების მქონე ქალი მერის მდივნის პირად ცხოვრებაზე დასმულ კითხვებს პასუხობს. ეს ყველაფერი გადაღებულია სახის დაუფარავად.

ასეთი ვიდეოები ბევრისთვის სასაცილო და გასართობია. თუმცა, ყველა ვიდეორგოლში ადამიანის უფლებები ირღვევა. იურიდიულად კი ამას, ადამიანის პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და გავრცელების შესახებ კანონის დარღვევა ჰქვია.

პერსონალური მონაცემები – ეს არის ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც ფიზიკურ პირს შეეხება, რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია, ან იდენტიფიცირებულია.

“ეს ეხება არა მარტო იმას, რომ ვიდეოში ჩანს პირის სახე, ან სამოსი, ან ჟესტიკულაცია და პირადი ნომერი, მისი ფიზიკური, ან ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული, სოციალური ნიშნები. რაც შეეხება, სოციალურ მონაცემებს – ეს არის მონაცემები, რომელიც ეხება ადამიანის რასას, ეთნიკურ წარმომავლობას, პოლიტიკურ, ან რელიგიურ შეხედულებებს, ან ადამიანს, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ან ცხოვრების ინტიმური მონაცემები, გენეტიკური მონაცემები, ბიომეტრიული – ეს არის კატეგორია, რომელიც დაცულია უფრო მკაცრად, მაღალ დონეზე”, – განმარტავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ანდრანიკ მინასიანი.

საქართველოში მოქმედი კანონის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი.

“კანონის თანახმად, არსებობს პრინციპები, რომელთა მიხედვით საჭიროა პერსონალური მონაცემების დამუშავების შემდეგ მოქმედება, უნდა გქონდეს ამ მონაცემების დამუშავების საფუძველი, კანონით განსაზღვრის მიზანი და სხვა. ეს ნიშნავს, რომ ეს ქმედებები ვალდებულებაში შედის, ან საჭიროა ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებისათვის”, – ამბობს ანდრანიკ მინასიანი.

ამ უფლებამოსილებით სარგებლობენ მაგალითად ექიმები, რომლებიც ადამიანის პერსონალურ მონაცემებს არეგისტრირებენ, რადგან ისინი დაკავებულნი არიან ჯანდაცვით, მონაცემების რეგისტრაციით სარგებლობენ ბანკები, რომლებსაც კლიენტისგან წინასწარ აქვთ თანხმობა მიღებული. ასევე ჟურნალისტები, რომელთა ვალდებულებაშიც შედის გამოძიება და ფარული გადაღების უფლება აქვთ, თუკი ითხოვს საზოგადოებრივი ინტერესი და საჭიროება. დანარჩენ შემთხვევაში საჭიროა პირის თანხმობა.

“მაგრამ თუკი იღებ ვიდეოს გართობისთვის, დაცინვისთვის, არღვევ კანონს. ამ შემთხვევაში ადამიანს, რომელიც ვიდეოშია, შეუძლია სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს მიმართოს და მოითხოვოს გამოძიება”, – ამბობს იურისტი.

როგორც ანდრანიკ მინასიანი განმარტავს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიმართოს სამეთვალყურეო მომსახურებას სხვისი უფლებების დასაცავად. თუ აღმოჩნდა, რომ ირღვევა პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ კანონი, დამრღვევი (თუკი შესაძლებელი იქნება პირის იდენტობის დადგენა) დაჯარიმდება.

ამით იზღუდება ადმინისტრაციული ნაწილი. ადმინისტრაციული ნაწილის გარდა არის სამოქალაქო სფერო, კანონმდებლობა, რომელიც ასევე, იცავს ადამიანის უფლებებს. ყველა მოქალაქეს შეუძლია მოსთხოვოს სხვას ინფორმაციის წაშლა, რომელიც ასახავს მის პირად ცხოვრებას, მათ შორის, სოციალური ქსელში განთავსებული ფოტოებიც.

“თუკი პერსონალურ მონაცემებს არ წაშლიან, შესაძლებელია სასამართლოს მიმართო და მოითხოვო ფოტოს წაშლა. თუკი უფლება ირღვევა არა შემთხვევით, არამედ მიზანმიმართულად, დაცინვის მიზნით, ეს ქცევა ფასდება, როგორც ღირსების დამცირება, შესაძლებელია მორალური ზიანის ანაზღაურება სამოქალაქო ქმედებაში. საინტერესოა ისიც, რომ შესაძლებელია სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, თუკი ვრცელდება ინტიმური ხასიათის ფოტო, ან ვიდეო”, – ამბობს ის.

იურისტ ანდრანიკ მინასიანის თქმით, ჩამოთვლილ შემთხვევებში, ვიდეოს ავტორები სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე აღმოჩნდებიან, თუმცა ვიდეოები არ არის ინტიმური ხასიათის. თუ ეს მონაცემები ადამიანის პირად ცხოვრებას ეხება, მაგალითად, ადამიანის რეპუტაციას, ღირსებას, ან მატერიალურ ზარალს, ამ შემთხვევაში სამართლებრივი პასუხისმგებლობა დამრღვევს დაეკისრება.

“ამ შემთხვევაში, შესაძლებელია სასამართლოში, ან პოლიციაში გასაჩივრება. ეს ქმედება ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლს. თუ არ არის განსაკუთრებით დამამძიმებელი მდგომარეობა, რომელიც ამძაფრებს დანაშაულს, სასჯელი ითვალისწინებს ჯარიმას, ან 2 წლამდე გამასწორებელ სამუშაოებს, ან თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით. ხოლო, თუკი ეს არის ინტიმური ხასიათის ფოტო, ან ვიდეო, თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით”, – ამბობს ის.

თავისუფლებამ და ინტერნეტში უსაზღვრო სივრცემ საზოგადოებას ახალი შესაძლებლობები შესთავაზა. თუმცა, თავისუფლებაში ბევრი ვერ არჩევს საზღვარს საკუთარსა და სხვის უფლებებს შორის. სხვისი საზღვრების გადაკვეთა – ეს უკვე დარღვევაა, თუმცა ბევრი ამას, ჯერ კიდევ, ვერ აცნობიერებს…